ლეგენდარული ჯგუფი “Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი და მედოლე როჯერ ტეილორი მომავალ წელს მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაეგზავრებიან. ეს ღონისძიება ჯგუფის დაარსებიდან ორმოცი წლისთავს ეძღვნება.
ამ ტურნეში მეისთან და ტეილორთან ერთად სცენაზე სხვა მუსიკოს-შემსრულებლებიც გამოჩნდებიან. ისინი “Queen”-ის პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს შეასრულებენ.
გაგიკვირდებათ და ბრაიან მეიმ ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა უკვე დაითანხმა და ეს ქალბატონი რამდენიმე კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ “Queen”-ის წევრებთან ერთად ტურნეში ამერიკული შოუ-პროგრამა “American Idol”-ის ერთ-ერთი ფინალისტი ადამ ლამბერტიც გაემგზავრება.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ლამბერტმა და მეი-ტეილორის წყვილმა მონაწილეობა მიიღეს “MTV EMA”-ს ჯილდოების გადაცენის საზეიმო ღონისძიებაში. მათ ერთად შეასრულეს “Queen”-ის სამი პოპულარული კომპოზიცია – “The Show Must Go On”, “We Will Rock You” და “We Are The Champions”.
მომავალი საგასტროლო ტურნე რომლის სახელწოდებაა “Extravaganza Tour” 2012 წლის მაისში დაიწყება. მუსიკოსები თავდაპირველად რამდენიმე კონცერტს აშშ-ში ჩაატარებენ, შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებენ.