გედევან ფოფხაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მადლისა და სიკეთის კრიტერიუმით იხელმძღვანელონ

გედევან ფოფხაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მადლისა და სიკეთის კრიტერიუმით იხელმძღვანელონ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას იპოთეკით დატვირთული ქონების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით და შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, ამ მიმართულებით "მადლისა და სიკეთის კრიტერიუმით" იხელმძღვანელონ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გედევან ფოფხაძემ საბანკო ორგანიზაციები და კერძო გამსესხებლები მოსახლეობის დაყაჩაღებაში დაადანაშაულა.

"მორატორიუმი გამოაცხადეს იმ ადამიანების გამოსახლებებზე, რომელთა ქონებაც სესხის გამო შესაძლოა, გასხვისდეს და უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი და სახელმწიფომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. გამოსახლების შეჩერების გარდა, მიმაჩნია, რომ უნდა დაიწყოს პროცესი, რაზეც პოლიტიკური პოზიციების თანხვედრაა საჭირო, რაც დაამთავრებდა ქვეყანაში ბანკებისა და მევახშეების ყაჩაღურ პოლიტიკას. მგონია, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს თავისუფალი მორალისგან და კანონის მორჩილებისგან. რეალობა არის ის, რომ ბიზნესი, რომელიც აქამდე ეკონომიკის ზრდას განაპირობებდა, იყო ნომენკლატურული, ხშირ შემთხვევაში კლანების მიერ დასაკუთრებული. შეგვეძლო ეს ყველაფერი ბოლომდე შეგვესწავლა და კლანებისთვის მონოპოლებისთვის შესაბამისი პასუხი მოგვეთხოვა. ბანკები რეალურად იყვნენ გადაქცეული მოსახლეობის დამყაჩაღებელ ორგანიზაციებად. ეს ის ბანკებია, რომელიც მდუმარედ უყურებდა "ქართუ ბანკის" მიმართ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით, "ქართუ ბანკი" უნდა გაკოტრებულიყო", - განაცხადა ფოფხაძემ სესიაზე.

დეპუტატმა ყაჩაღობაში კერძო გამსესხებლებიც დაადანაშაულა.

"მევახშეები იყო ხალხი, რომელსაც ხალხის დაყაჩაღების უფლება მისცეს. მგონია, რომ დღეს სახელმწიფომ უნდა მიიღოს თანმიმდევრული გადაწყვეტილება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ყველა სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს ლეგალური ყაჩაღობის დასაკანონებლად", - განაცხადა ფოფხაძემ.

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ივლისის თვეში, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, თუმცა მმართველმა გუნდმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისა და მათი პროტესტის შემდეგ, განხილვა შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი ექვსი თვით – 1 თებერვლამდე ჩერდება.