თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია გარდაცვლილი პატიმრების საქმეებს შეისწავლის

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია გარდაცვლილი პატიმრების საქმეებს შეისწავლის

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილი ლევან კორტავას და გელა ჯაყელის საქმეების შესწავლას იწყებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის N14 დაწესებულებაში. გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მსჯავრდებული გელა ჯაყელი სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში იპოვეს გარდაცვლილი. ვინაიდან, ამ უკანასკნელმა გარდაცვალებამდე რამდენიმეჯერ სცადა საკუთარი თავისთვის დაზიანებების მიყენება, ოფიციალური ინფორმაციით, საქმე გვაქვს თვითმკვლელბასთან. თუმცა, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გელა ჯაყელი ნაწამები და მოკლულია.

ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კომისიას მჭიდრო ურთიერთობა ექნება გარდაცვლილების ოჯახებთან და ადვოკატებთან, ასევე შესაბამის სტრუქტურებთან.