თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა თანხვედრაშია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ და რომლის მიზანია, თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. 

აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის, ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება.

საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში შესული ცვლილების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტებისათვის (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის არსებული განაკვეთი იზრდება მხოლოდ 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის - 0.15-დან 0.20 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას - თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.