მაია ფანჯიკიძე:   სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის გზების პოვნას ვცდილობთ

მაია ფანჯიკიძე: სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის გზების პოვნას ვცდილობთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ საუბრობს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კაიროში საქართველოს საკონსულოს და საელჩოს წარმომადგენლებს სირიაში მყოფ ქართველებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ცდილობენ სირიიდან მათი გამოყვანის გზების პოვნას. მისივე თქმით, სირიაში ამ დროისთვის დაახლოებით 20-22 საქართველოს მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ძირითადად ბიზნესსაქმიანობას ახორციელებენ.

"ჩვენი ინფორმაციით, სირიაში იმყოფება საქართველოს დაახლოებით, 20-22 მოქალაქე. ძირითადად, ისინი არიან ქალბატონები, რომლებიც იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ჩვენს საკონსულოს და საელჩოს კაიროში მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რადგანაც სირიას ჩვენ ეგვიპტიდან ვფარავთ და მათთან უშუალო კონტაქტში ვცდლობთ სირიიდან მათი გამოყვანის გზების პოვნას. ეს მარტივი არ არის, რადგან სირიაში ვითარება დაძაბულია. უნდა აღვნიშნო, რომ 2011 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად ვაფრთხილებდით არ გამგზავრებულიყვნენ სირიაში. მიუხედავად ამისა, ისინი იქ არიან. ზოგიერთ მათგანს ჩვენი ინფორმაციით, არც უნდა სირიის დატოვება. თუ მათი სურვილი არ იქნა, ჩვენ რასაკვირველია, ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ ჩვენ ამ გზებს ვეძებთ. ერთ-ერთი უსაფრთხო გზა არის მათი ბეირუთში გადასვლა, ხოლო იქიდან საქართველოს შესაბამისი უწყებები, პირველ რიგში, ჩვენი საკონსულო ეგვიპტეში ეცდება, რომ ისინი უსაფრთხოდ ჩამოიყვანონ საქართველოში. აქ არის კიდევ ტექნიკური დეტალები დასაზუსტებელი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.