გიორგი კვირიკაშვილი ტიგრან სარქისიანს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ტიგრან სარქისიანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია სომხეთთან ორმხრივად ხელსაყრელი საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციით.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ვაჭრობის ხელშეწყობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ერევანსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაგრამ ავანესიანსა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ გაგიკ ბეგლარიანსაც შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.