სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიპლომატებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიპლომატებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფილიპ დიმიტროვთან საუბარს მის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე და კანონმდებლობაზე აპირებს. 

"შეხვედრაზე ყურადღებას გავამახვილებ კანონზე, იმაზე, რომ ორშაბათს ვაპირებ დარეგისტრირებას. მინდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც თბილისშია წარმოდგენილი გაფრთხილებული იყოს. მე წარვუდგენ კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციის სრული უფლება მაქვს, რომ შემდგომ არ იყოს სიურპრიზები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის დღესვე აპირებს შეხვედრას ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს ან ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

"ხელისუფლება დაპირდა ყველას, რომ ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი არჩევნები. არ ველოდები ცვლილებას, არ მჭირდება არანაირი ცვლილება, მე არავითარი მოთხოვნა არ მაქვს, რომ რამე შეიცვალოს და არ მინდა სპეციალური, ჩემზე გამოჭრილი მუხლი კონსტიტუციაში. მე მინდა, რომ ის მუხლი, რომელიც არსებობს კონსტიტუციაში და აწესრიგებს კანდიდატების რეგისტრაციას, აღსრულებული იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.