სწრაფი კვების ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან

სწრაფი კვების ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან

თემურ ჭყონია რესტორნების მსოფლიო ქსელ Subway–ს საქართველოში მცირე და სტაბილური გაყიდვებს უწინასწარმეტყველებს.

შეგახსენებთ: 2013 წლის ბოლომდე სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიო ქსელი Subway საქართველოში საკუთარ ფილიალს გახსნის.

Bloomberg–ის ინფორმაციით, კომპანია განაგრძობს გაფართოებას და 2014 წლის ბოლომდე ევროპაში კიდევ 1000 რესტორნის ამოქმედებას გეგმავს.

Subway–ს რეგიონალური დირექტორის მაიკ შარესტის განცხადებით, ამჟამად კომპანია ევროპაში 4018 რესტორანს ფლობს.

მისივე სიტყვებით, ევროპაში სწრაფი კვების ბაზარი უფრო მაღალი ტემპებით ვითარდება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში.

წლის ბოლომდე Subway გეგმავს ასევე ლატვიის, ლიტვისა და უკრაინის ბაზრებზე გასვლას.

ბოლო პერიოდში Subway–ს მოგება ევროპაში 18%–ით, 1,57 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მისმა მსოფლიო გაყიდვებმა კი 9%–ით, ანუ 18,1 მილიარდი დოლარით მოიმატა.

Subway მთელ მსოფლიოში 40 ათასამდე რესტორანს ფლობს, მისი კონკურენტი McDonald's–ი კი 35 ათასს.

თბილისში Subway–ს პირველი რესტორანი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება.

Subway–ს ფილიალები, როგორც წესი, McDonald's–ის და ანალოგიურ რესტორნებზე მცირე ზომისაა და გაცილებით ნაკლები რაოდენობის პერსონალსა და აღჭურვილობას საჭიროებს, რაც მათ მცირე დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ადგილებში, სადაც McDonald’s–ისთვის მუშაობა არამომგებიანია, რენტაბელურს ხდის.

სწორედ ამით აიხსნება Subway–ს ფილიალების რაოდენობის ზრდა აშშ–სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ სწრაფი კვების კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის „ვენდისის“ პირველი ობიექტის გახსნა სექტემბერში რუსთაველის გამზირზე იგეგმება.

მსოფლიო ბრენდის ქართველ პარტნიორ „ვისოლ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პერსონალის გადამზადება უკვე დასრულდა.

„ვისოლი“ საქართველოსა და აზერბაიჯანში „ვენდისის“ ქსელის განვითარებას მოახდენს. მხარეები მომავალი 10 წლის განმავლობაში სწრაფი კვების 25 რესტორანს გახსნიან.

„მაკდონალდსი საქართველოს“ დამფუძნებელი „ვენდისს“ კონკურენტად არ აღიქვამს და არც „საბვეის“ მხრიდან ხედავს მომხმარებლების წართმევის საფრთხეს.

თემურ ჭყონია აცხადებს, რომ „ვენდისი“ ჩვეულებრივი სწრაფი კვების ქსელია, ისეთი როგორიც მაგალითად სახაჭაპურე შეიძლება იყოს, ხოლო „მაკდონალდსი“ ინდუსტრიაა. ჭყონიას თქმითვე, „მაკდონალდსი“ 100 მსოფლიო ბრენდს შორისაა, მომხმარებელი კი, ისევე როგორც “კოკა–კოლას“ შემთხვევაში, სწორედ ბრენდზეა ორიენტირებული.

ჭყონიას განცხადებით „საბვეიცა“ და „ვენდისიც“ არიან ბრენდები, რომლებიც „მაკდონალდსთან“ „ახლოსაც ვერ მივლენ“.

„კლიენტები, ცხადია, ეყოლებათ – შაურმა იყიდება და „საბვეის“ პროდუქცია არ გაიყიდება? მაგრამ „მაკდონალდსის“ მომხმარებელი კარგად ერკვევა ბრენდებში, ერთხელ გასინჯავს „საბვეის“ ან „ვენდისს“ და ისევ ჩვენთან გააგრძელებს სიარულს. ესაა თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელმაც კარგად იცის მსოფლიო ბრენდების ძალა და ტრადიციები. არ ვამბობ, რომ მათი პროდუქციის გემო ან შემადგენლობა დაბალი ხარისხისაა, მაგრამ მომხმარებლისთვის მთავარია ბრენდი. Subway–ს, უბრალოდ, სურს იყოს ამ ქვეყანაში, ეყოლება კლიენტების მცირე რაოდენობა და ამით კმაყოფილი იქნება,“ – აცხადებს ჭყონია commersant.ge–სთან საუბარში და საქართველოში „მაკდონალდსის“ მზარდ გაყიდვებზე საუბრობს. მისი თქმით, მართალია, აგვისტოს თვის რეალიზაცია გასული წლის აგვისტოს დონეზე დარჩა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მარჯანიშვილის მაკდონალდსი რესტავრაციის გამო დახურულია, გაყიდვები მზარდია.

თემურ ჭყონიას თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უპრეცედენტოდ გაიზარდა „კოკა–კოლას“ გაყიდვებიც, რაც, ბიზნესმენის თქმით, მხოლოდ ტურისტების ნაკადის ზრდით არ აიხსნება და მკვეთრი ზრდის რეალიზაციის მიზეზებს კომპანია ახლა სწავლობს.

„ასეთ გაყიდვებს ჩვენც არ ველოდით. ზრდაა ყველა ტურისტულ ადგილას– თბილისში, ბათუმში, რაჭაში, სვანეთში, მკვეთრი ზრდაა კახეთში... არ ვიცი რა მოხდა. ფაქტია, რომ მოდის თაობა, რომელსაც სურს გახდეს მსოფლიოს ბრენდების განვითარების მონაწილე,“ – აცხადებს ჭყონია.

მისი ინფორმაციით, სექტემბრიდან ქართულ ბაზარზე „კოკა–კოლა“ ახალი, თუნუქის 250–გრამიან შეფუთვაში გამოვა, რომელზეც ბრენდის განვითარების სხვადასხვა ისტორიული ეტაპი იქნება ასახული.