არჩევნებში მედიის როლზე კონფერენცია მიმდინარეობს

არჩევნებში მედიის როლზე კონფერენცია მიმდინარეობს

ევროსაბჭოს ორგანიზებით, კონფერენცია - "თავისუფალი და სამართლიანი მედიის როლი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს" სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს.

კონფერენციას ესწრებიან ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები, მედია ექსპერტები და ცესკოს წარმომადგენლები. 

როგორც კონფერენციის დაწყების წინ ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ფრანსუა ფიედერიხმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია.

"აუცილებელია წინასაარჩევნო პერიოდის დროს მედიას ჰქონდეს საშუალება იმუშაოს სრულყოფილად. ჩვენ დღევანდელ კონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს გავუზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც გაგვაჩნია", _ აღნიშნა ფრანსუა ფიედერიხმა.

ცესკოს პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებში მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ და გავცვლით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს მედიამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ უნდა გააშუქოს ეს არჩევნები" , - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის და იურისტ თამარ კორძაიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური ხდება არჩევნებში მედიის როლი.

"სწორედ ამიტომ კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვენელოვანია. ჩვენ მოვისმენთ არაერთ წინადადებას, თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევნების გაშუქება. მე კი დღევანდელ კონფერენციაზე ვისაუბრებ იმ მოქმედ კანონმდებლობაზე, თუ როგორ უნდა ხდებოდეს წინასაარჩევნო პერიოდისა და საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება" - აღნიშნა თამარ კორძაიამ.