ბარაქ ობამას განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა

ბარაქ ობამას განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"ჩვენ კონსულტაციები გვაქვს მოკავშირეებთან, რათა მივაღწიოთ საერთაშორისო შედეგებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა, მიმართულ იქნას აშშ-ზე და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა ბარაქ ობამამ აშშ-ს საზოგადოებრივ არხ PBS-სთან საუბრისას.

ბარაქ ობამას განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ ზიანი მიაყენა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე ომზე. თუმცა, ტელეკომპანია PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მოახდენს თუ არა აშშ სირიაში სამხედრო ინტერვენციას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "მშვიდობას შანსი უნდა მიეცეს და კონფლიქტი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს". თუმცა, დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მიმართული იქნება სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, რაც გარკვეულწილად სირიაში სამხედრო ინტერვენციას გულისხმობს.

სირიის მოკავშირე რუსეთი ეწინააღმდეგება სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევას და ბლოკავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას.
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა, სირიაში სამხედრო ინტერვენციას მხრს უჭერს საფრანგეთიც.

21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.