ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდა

ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდა

ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუწყდა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს 15 დღიანი ვადა, რათა თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცესკო-ს წარუდგინოს.

"პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წევრებმა ერთ-ერთი 5 დღის ვადაში უნდა აირჩიონ ", _აღნიშნა ეკა აზარაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ 5 დღის ვადაში ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.

ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გააკეთა, ხოლო პარლამენტს ეს განცხადება ოფიციალურად 14 აგვისტოს წარედგინა.

ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად პოლიტიკაში წასვლა დაასახელა.

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა.

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

ამასთან, 11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად თამარ ჟვანია დაასახელა.