თბილისის „კომერციულ“ ქუჩებს მაღაზიები ტოვებენ

თბილისის „კომერციულ“ ქუჩებს მაღაზიები ტოვებენ

გაზეთ „კვირის პალიტრის“ მასალები

რამდენიმე მაღაზია კომერციულად ყველაზე მომგებიან პეკინის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე ერთდროულად დაიკეტა. მათ შორის არიან როგორც ბრენდული, ძვირად ღირებული სამოსის შემომტანი, ასევე იაფი პროდუქციით მოვაჭრეები.

მაღაზიის დახურვის მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება - გაყიდვის შემცირება, მანქანების პარკირების პრობლემა და ფართის მაღალი საიჯარო გადასახადი, რაც შემცირებული გაყიდვის პირობებში მეტად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა.

მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ ზოგმა საბოლოოდ შეწყვიტა საქმიანობა, ზოგიც დროებით შეჩერდა უკეთესის მოლოდინში, სხვამ კრიზისული ვითარების გადატანა ნაკლებად პრესტიჟულ ადგილას, უფრო იაფი ფართის დაქირავებით გადაწყვიტა და მაღაზიაც იქ გადაიტანა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო აქტივობის შემცირებასთან ერთად, მაღაზიების დახურვას ხელი კონკურენციის ზრდამაც შეუწყო.

ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, "ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, სამომხმარებლო აქტივობის შემცირება იყოს, რომელიც მცირედით, მაგრამ მაინც აღირიცხება, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან ერთად.

„კლება უფრო მეტად შესამჩნევია ძვირად ღირებული ბრენდების სეგმენტში. მეორე გარემოება, რამაც ბაზრიდან ზოგი მაღაზიის გასვლა გამოიწვია, კონკურენციის ზრდაა. ეს ბაზარი საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა, ბოლო წლებში არაერთი ახალი ბრენდი შემოვიდა და გაზრდილი კონკურენციის შედეგად, ფასებმა ამ ტიპის საქონელზე დაიკლო. ამიტომ ბრენდებმა, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდნენ და ფასდაკლებების მოქნილი სისტემა აქვთ, მომხმარებელი წაართვეს ბევრ მაღაზიას, რომლებიც ადრე, შესაძლოა, განსაზღვრული პოპულარობით სარგებლობდნენ. შესაბამისად, ამ ბაზარზე ახლა არიან ბიზნესჯგუფები, რომლებიც რამდენიმე ბრენდს ერთდროულად ფლობენ და საქართველოში უცხოური კომპანიების უშუალო წარმომადგენლები არიან. კონკურენციის გაზრდა და გამსხვილება ამ სეგმენტში გამოიწვევს იმას, რომ ვიღაცები ალბათ გავლენ ბაზრიდან,“ – აცხადებს ექსპერტი.

პეკინი და ჭავჭავაძე კომერციული თვალსაზრისით ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩებია, მაგრამ ბოლო დროს თბილისში შოპინგისთვის ძალიან ხელსაყრელი რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაჩნდა. შესაბამისად, ზოგიერთი მაღაზიის პეკინიდან და ჭავჭავაძიდან გასვლის მიზანი შესაძლოა ადგილის შეცვლა იყოს, იქ, სადაც უკეთეს ფასში უკეთეს პირობებსაც სთავაზობენ.

მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ჩრდილოეთი კავკასიიდან ტურისტების ნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი წამახალისებელია იმისა, რომ თბილისი რეგიონში სავაჭროდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილად ყალიბდება. მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები დიდ თანხას ხარჯავენ თბილისში. შესაბამისად, მაღაზიების დაცლა შიდა მიზეზებით განპირობებული პროცესი უნდა იყოს. ეს ბაზარი საქართველოში მაინც დინამიკურად განვითარდება და კონკურენციაც კიდევ უფრო გაიზრდება".