"არა", "მშია"... სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან სხვადასხვა დასახელების აქციები იმართება. შედეგი არავითარი - მთავრობა დუმს და სავარაუდოდ არც დუმილის პოლიტიკას და არც პოზიციას არ დათმობს.
თბილისის მერიასთან მოძრაობამ "არა" და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ გამაფრთხილებელი აქცია - "მშია" გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, შეასრულონ საერთაშორისო ორგამოზაციის წინაშე აღებული ვალდებულებები, კერძოდ კი შექმნანუმუშევრებისა და უსახლკაროების ბაზა და მათ დასაქმებასა დასაცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იზრუნონ.
"მიხეილ სააკაშვილმა და ვერა ქობალიამ ეს დავალება მიიღეს, როგორც გაერო-სგან, ისე ევროკომისიისგან, მაგრამ დღემდე არ არსებობს უმუშევრებისა და უსახლკაროების არანირი ბაზა. შესაბამისად, არ არსებობს ამ კატეგორიის ადამინების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც.
ამიტომ ჩვენ თავად ვიწყებთ ამ ადამიანების მონაცემების შეგროვებას და 7 ოქტომბერს საკმაოდ ვრცელ სიას შევიტანთ როგორც ქალაქის მერიაში, ისე პარლამენტში", - განაცხადა მოძრაობის "არა" წარმომადგენელმა ლევან ჩიტაძემ.
აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების, მათ შორის მერიის შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანის, მონაცემების შეგროვება აქციაზევე დაიწყო.
"ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ვართ. სოციალური აგენტების მიერ მერიის სოციალურ სამსახურში არასწორად მოტანილი ინფორმაციის გამო დავრჩით როგორც სოციალური დახმარების, ისე საცხოვრებლის გარეშე, რომელსაც მერია გვპირდებოდა", - განაცხადეს მერიის წინ შეკრებილებმა.
მოძრაობა "არა" და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ და მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ.
საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად დევნილთა მინისტრი კობა სუბელიან კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში უსახლკარო და მიუსაფარი დევნილი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, არც პრობლემა არსებობს.
ეს რომ სიმართლეს არ შეეფერება გუშინვე დადასტურდა. კურორტ "ახტალიდან" იძულებით გამოსახლებულმა და აქამდე ქუჩაში დატოვებულმა დევნილებმა სხვა გამოსავალი რომ ვერ იპოვეს, სეპარტისტებს დაუწყეს თხოვნა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კურორტ "ახტალის" სანატორიუმებიდან იძულებით გამოსახლებული დევნილები აპირებენ, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში დაბრუნების თხოვნით მიმართონ.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კახეთის პოლიციას ჩვენს იძულებით გამოსახლებაზე თანხმობა ისე მისცა, რომ დევნილების თხოვნა არ გაუთვალისწინებია.
16 ივლისის შემდეგ უსახლკაროდ ვართ დარჩენილები. ორი თვეა, ზოგი ნათესავს აფარებს თავს, ზოგი - ნაცნობს. მოვითხოვთ, რომ საცხოვრებელი ისევ ქალაქ გურჯაანში მოგვცენ, თუნდაც გარეუბანში, რათა არ მოვწყდეთ იმ ადგილებს, სადაც მუშაობით ლუკმა-პურის ფულს ვშოულობთ.
ვის აღარ მივწერეთ წერილი - საქართველოს პრეზიდენტს, სამინისტროს, ოპოზიციას, სახალხო დამცველს, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვაპირებთ, რომ აფხაზეთში დაბრუნების თხოვნით სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას მივმართოთ", - აღნიშნეს დევნილებმა.
კურორტ "ახტალის" კორპუსებში მცხოვრები დევნილები 16 ივლისს, 08:00 საათზე გამოასახლეს. გამოსახლებაში მონაწილეობას კახეთის თითქმის ყველა რაიონის პოლიცია იღებდა. გამოსახლებას კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა.
პოლიციის თანამშრომლებმა დევნილების ლეიბები, კარადები და სხვა საგნები პირდაპირ სართულებიდან გადმოყარეს. ამასთან, გამოსახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.