უფასო მშობიარობის სისტემას შესაძლოა უკუეფექტი მოჰყვეს

უფასო მშობიარობის სისტემას შესაძლოა უკუეფექტი მოჰყვეს

1 ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპზე, სახელმწიფომ მშობიარობების დაფინანსება დაიწყო. ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, საკეისრო კვეთა კი 800 ლარით ფინანსდება.

 

დაფინანსების ასეთი სისტემა უკვე თავის თავში გულისხმობს კლინიკებისა და ექიმების მხრიდან საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდით დაინტერესებას და ამის პირველი შედეგები უკვე სახეზეა: მართალია, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საკეისრო კვეთების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა საპირისპირო რეალობაზე საუბრობს "კომერსანტთან" რამდენიმე მეან–გინეკოლოგი.

ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ პრობლემით ჯანდაცვის მინისტრიც დაინტერესდა.

ფინანსურის გარდა, თუ საკითხის სამედიცინო მხარეს გავითვალისწინებთ, დაფინანსების მოქმედი სისტემა ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც უქმნის საფრთხეს, რადგან საკეისრო კვეთის შემდეგ ქალს 2 წლის განმავლობაში მომდევნო შვილის გაჩენა ეკრძალება, ამასთან, ამ ოპერაციას გვერდითი მოვლენები ახლავს და მშობლისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს უქმნის.

ჯანდაცვის სამინისტროში, ოფიციალურ საუბრებში, სახელმწიფო დაფინანსების სისტემის შედეგად საკეისრო კვეთების სტატისტიკის ზრდას უარყოფენ, თუმცა საინტერესოა, რომ commersant.ge–სთან საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი აღიარებს, რომ დაფინანსების არსებული სისტემა მართლაც შეიცავს საკეისრო კვეთების ხელოვნურად გაზრის საფრთხეს. ამის მიუხედავად, სააგენტოში ირწმუნებიან, რომ რისკების თავიდან აცილების მექანიზმები თავადვე აამუშავეს და არ დაუშვებენ საკეისრო კვეთის არადანიშნულებისამებრ ჩატარებას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რუსუდან გოგოლაშვილი, მართალია, აღიარებს, რომ საკეისრო კვეთების წილი ქვეყანაში მაღალია (მშობიარობების ზოგადი სტატისტიკის 30–35%), თუმცა ექიმების მიერ საკეისრო კვეთების წახალისებას გამორიცხავს.

კერძოდ, მისი განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ამოწმებენ, რამდენად მართებულია მშობიარესთვის საკეისრო კვეთის დანიშვნა და არსებობს თუ არა საამისოდ მკაფიო სამედიცინო ჩვენება.

„იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე კლინიკას 500 ლარს უხდის, საკეისროზე კი - 800-ს, თავიდანვე გავითვალისწინეთ, რომ შესაძლოა კლინიკები დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდით. ეს რომ არ მომხდარიყო, ავიყვანეთ სპეციალისტები, რომლებმაც უნდა გადაამოწმონ, რამდენად აუცილებელია ამა თუ იმ შემთხვევაში საკეისრო კვეთის ჩატარება. ისინი არკვევენ, არსებობს თუ არა ამისთვის მკაფიო სამედიცინო ჩვენება. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ საკეისრო კვეთების წილი მშობიარობებში, რადგან ამ ოპერაციას აქვს გვერდითი მოვლენები და ნეგატიურად შეიძლება აისახოს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობაზე,“ – აცხადებს რუსუდან გოგოლაშვილი commersant.ge -სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალისთვის 2 წლის განმავლობაში მშობიარობა არ შეიძლება, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა მომდევნო შვილი ფიზიოლოგიური გზით გააჩინოს. შესაბამისად, გოგოლაშვილის თქმით, საკეისრო კვეთების ზრდა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა დედისა და შვილის ჯანმრთელობის თვალსაზრისით ასეთი მეთოდის გამოყენება არასასურველია.

ამასთან, მისივე თქმით, 1 ივლისის შემდეგ, რაც სახელმწიფომ მშობიარობების დაფინანსება დაიწყო, მიღებული ზომების შედეგად, საკეისრო კვეთების ზრდა არ დაფიქსირებულა და ის საქართველოსთვის ტრადიციულ დონეზეა.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, პირველი ივლისიდან 22 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფომ სულ 4777 მშობიარობა დააფინანსა, აქედან საკეისრო კვეთა 1577 შემთხვევაში გაკეთდა, რაც შობიარობების 33%–ს შეადგენს.

ექიმების მიერ ფინანსური დაინტერესების გამო საკეისრო კვეთების სტატისტიკის ზრდას გამორიცხავს სამშობიარო სახლ „ჰერას“ გენერალური დირექტორი თამაზ კორძახია, თუმცა, მისი თქმით, თუკი რომელიმე კლინიკის სისტემა საკეისრო კვეთის შემთხვევაში ექიმს დამატებით ფულად სარგებელს აძლევს, ეს გარკვეულ რისკს მართლაც შეიცავს. ამასთან, კორძახიას თქმით, არსებობს ამ რისკის თავიდან აცილების მექანიზმი მაგალითად პაციენტის საჩივრის სახით. თუმცა “ჰერაში“ მოქმედი სისტემა, გენერალური დირექტორის თქმით, გამორიცხავს ექიმის დაინტერესებას საკეისრო კვეთების წახალისებაში, რადგან ექიმის ანაზღაურება მშობიარობის მეთოდზე დამოკიდებული არ არის.

კორძახია ასევე ადასტურებს, რომ საკეისრო კვეთისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო სამედიცინო ჩვენება ან პაციენტის მოთხოვნა.

მისივე თქმით, რამდენადაც საკეისრო კვეთა ქალს მომდევნო წლების განმავლობაში შვილის გაჩენაში ზღუდავს, ეს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის შესაძლოა საზიანო იყოს, თუმცა, ამავე დროს, ეს მსოფლიო ტენდენციაა, რისი მთავარი მიზეზიც, თამაზ კორძახიას შეფასებით, თავად ქალების მოთხოვნაა – მათ სურთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანონ მშობიარობა და ეს მსოფლიო „ტრენდი“ საქართველოზეც აისახა.

ცნობისთვის: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენების გარეშე, მაგალითად, ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, თავად მშობიარე მოითხოვს საკეისროს, უარის თქმის უფლება არავის აქვს. თუმცა ასეთ დროს მშობიარობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, როგორც ფიზიოლოგიური, და მშობიარე თავად გადაიხდის დანამატს. ამასთან, სახელმწიფო მას დააფინანსებს, თუკი დადასტურდება, რომ პაციენტს მართლაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან მიმართებაში.

ფაქტია, რომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, უფასო მშობიარობის სისტემა ობიექტურად გულისხმობს საკეისრო კვეთების წახალისებას და ამას სოციალური მომსახურების სააგენტოშიც აღიარებენ. შედეგად, იზრდება შობადობის შემცირების საფრთხე და დედებსა და ბავშვებს შორის ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.