დიმიტრი შაშკინი მზად არის, პროკურატურაში გამოცხადდეს

დიმიტრი შაშკინი მზად არის, პროკურატურაში გამოცხადდეს

სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში მიუნხენის რეისით დაბრუნდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში შაშკინმა განაცხადა, მზად არის, პროკურატურაში გამოცხადდეს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
მისი თქმით, პროკურატურისგან უწყება ჯერ არ მისვლია და, შესაბამისად, უცნობია, როდის მოხდება მისი დაკითხვა.

ამასთან, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრის თქმით, აბსურდია ის ფაქტი, თითქოს ციხეებში მიმდინარე ცნობილი მოვლენების შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულები იყვნენ.

მთავარ პროკურატურაში ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მოწმის სტატუსით დაიბარეს. ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში უკვე დაკითხეს.
საქმე საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს ეხება, რაზეც უახლოეს მომავლში ბაჩანა ახალაიაც დაიკითხება.

არჩილ კბილაშვილის უწყების სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, ასევე ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები.

"კერძოდ, დადგენილია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა ცემა-წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და ხორციელდებოდა სისტემატურად, ჯგუფურად, რამდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკნებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტები წლების განმავლობაში რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ რეგულარულად აისახებოდა სახალხო დამცველის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ვრცელდებოდა მასმედიის საშუალებებით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი. ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია", - ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.