"ზუსტად ვიცი, რომ ჩემი რეიტინგი უსწრებს გიორგი მარგველაშვილის რეიტინგს"

"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მოცემული რეიტინგები სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს".

ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში "ქართული ოცნების" დაკვეთით კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

"არ ვაპირებ ამ რეიტინგებზე საუბარს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ, სირცხვილი. ვიცი ის კომპანია, რომელმაც ეს რეიტინგები ჩაატარა, ეს კომპანია პირდაპირ ფინანსდება "ქართული ოცნების" მხრიდან. მე გვარები და სახელები შემიძლია, დავასახელო, ვინ მუშაობს ამ კომპანიაში, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ჩემთან მუშაობდნენ. ეს რეიტინგები უბრალოდ სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს. მართალია, ძალიან ჩაეხუტნენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთამანეთს და ეს აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია იმასთან, რა მილოდინიც საზოგადოებას 1 ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ არ მენდომება, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყოს კოპირება იმ მეთოდებისა, რა მეთოდებითაც "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობდა. მე ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დიდი ალბათობით, არის მეორე ტური, ვერანაირ პირველ ტურში გიორგი მარგველაშვილი ვერ იგებს და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი რეიტინგი უსწრებს გიორგი მარგველაშვილის რეიტინგს. სწორედ ამიტომ აღელდნენ ასე როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდები და ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ "ქართული ოცნება" ხალხს აგუებს იმას, რომ პირველ ტურში გავა გიორგი მარგველაშვილი, მეორე ადგილს დაიკავებს "ნაციონალური მოძრაობა" და დავით ბაქრაძე, ბურჯანაძე კი 495-ე ადგილს. ეს ძალიან ჰგავს იმ სქემას, რომ “ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის მცდელობაა "ქართული ოცნების" მხრიდან, თუმცა იმედი მინდა, ვიქონიო, რომ თავად "ქართული ოცნება" გამოასწორებს ამ ძალიან დიდი სისულელეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.