აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზად არის

აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზად არის

აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არის სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, თუ ბარაქ ობამა შესაბამის ბრძანებას გასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა. 

"ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ და შევასრულოთ ყველა ის ოპერაცია, რის სურვილსაც პრეზიდენტი გამოთქვამს", - აღნიშნა ჩაკ ჰეიგელმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების "უდავო" ფაქტებია აღმოჩენილი. თუმცა, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მულემი უარყოფს სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას და ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების მზადყოფნას გამოთქვამს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა სირიაში შექმნილი ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა და სირიის კონფლიქტის განსახილველად პარლამენტი მოიწვია, რომელიც ხუთშაბათს შეიკრიბება.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიების მიზნით გუშინ ქვეყანაში გაერო-ს ექსპერტები ჩავიდნენ, თუმცა გუშინვე მათ მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, გაერო-მ დღეს საგამოძიებო საქმიანობა დროებით შეწყვიტა.

სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერად.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის გარდა, მხარს უჭერენ საფრანგეთი, გერმანია და ავსტრალია.

21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.