საგამოძიებო სამსახური ადიგენის გამგებლის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური ადიგენის გამგებლის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიმონ პარუნაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს.

კერძოდ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 5 მაისს გამოცხადებულ ტენდერში სიმონ პარუნაშვილმა, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, კომისიის სხვა წევრებთან ერთად "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის უგულვებელყოფით, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის კუთვნილ საწარმოს შპს "ადიგენი 2009"-ს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ასევე, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა, სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა შპს "ნამქერის" მიერ წარმოდგენილ წინადადებას, სადაც საწარმოს ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის მიერ ხელოვნურად იყო გაზრდილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. სატენდერო კომისიამ მოცემულ ტენდერში შპს "ნამქერი" გამოაცხადა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვალდებული იყო მოეხდინა შპს "ნამქერის" დისკვალიფიკაცია, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლითა და 342-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალიწინებს.