"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მინარეთის დემონტაჟზე შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება არ ამართლებს მინარეთის დემონტაჟს და ამავდროულად არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას მაშინ, როდესაც "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება. 

"ამასთან, საგანგაშოა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის ფორმა, რომლითაც უწყებამ გადაწყვიტა შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს და მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. სახელმწიფო სამსახურის ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების მიმართ დაუშვებელია. ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს," – აღნიშნულია განცხადებაში.