ზაზა ოქუაშვილმა

ზაზა ოქუაშვილმა "მე-9 არხის" შეძენის მიზნით შექმნილი სააქციო საზოგადოების წევრობის შეთავაზება არ მიიღო

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შეძენის მიზნით შექმნილი სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებს წევრობის შეთავაზებისთვის მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ ამჟამად მისი პრიორიტეტი "იბერიის" ლიცენზიის დაბრუნებაა.

ოქუაშვილი იმედოვნებს, რომ "იბერია ტვ"-ის ლიცენზია დაუბრუნდება და ის მაუწყებლობას დაიწყებს.

"ვაფასებ მადლიერებას, რომელიც თქვენი მხრიდან გამოითქვა ჩემს მიმართ, აგრეთვე მადლობელი ვარ ნდობისთვის თქვენი საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ შევიზღუდებოდი მხოლოდ გულშემატკივრობით და ვისურვებდი, ვყოფილიყავი თქვენი საზოგადოების წევრი, მხოლოდ ამჟამად ჩემი ყურადღება კონცენტრირებულია "იბერიის" ლიცენზიის დაბრუნებაზე, რომლის მაუწყებლობა უკვე 10 წელია ხელოვნურად არის შეჩერებული. "იბერიის" ლიცენზიის ამჟამინდელი მესაკუთრე არის ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი.

დარწმუნებული ვარ, "იბერიის" აღდგენა აუცილებელია საქართველოში ჯანმრთელი მედიასივრცის არსებობისთვის. სასამართლო პროცესი დანიშნულია სექტემბერში.

ვიმედოვნებ, "იბერიის" ლიცენზია დაუბრუნდება მის ნამდვილ მფლობელს, "იბერია ტვ" დაიწყებს მაუწყებლობას და ყველა სხვა ტელეარხთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში. ვფიქრობ, საზოგადოება ამ პროცესების აქტიური გულშემატკივარი იქნება", - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შეძენის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც "მეცხრე არხის" მფლობელებმა მისი გაყიდვის შესახებ განაცხადეს. ამავდროულად, არხის შეძენის სურვილი გამოთქვა სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში ია ანთაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ირაკლი კაკაბაძე და სხვები შედიოდნენ.

მათი განცხადების შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა "მეცხრე არხის" შეძენაზე უარი განაცხადა და სააქციო საზოგადოებას წარმატებები უსურვა. საზოგადოების წევრებმა მას თავის მხრივ, სააქციო საზოგადოების წევრობა შესთავაზეს. ტელეკომპანია "იბერია" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "იბერიაში" სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელევიზია დაიხურა.

ტელეკომპანია "მე-9 არხმა" კი მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. არხის მფლობელები მზად არიან, ტელეკომპანია მესამედ ფასად გაყიდონ.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. ამასთან, შპს "აქცეპტის" 80%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, ხოლო 20%-ს - კახა კობიაშვილი.