ქართველ ექსპერტთა ჯგუფი დღეს ტაო-კლარჯეთს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის მინისტრ ომერ ჩელიკისა და გურამ ოდიშარიას მოლაპარაკების საფუძველზე, ქართველ ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი 27-28 აგვისტოს იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა.
ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ნიკო ზაზუნიშვილი და ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე უხელმძღვანელებს.
ქართველი ექსპერტები ტაო-კლარჯეთს დღეს მეოთხედ ეწვევიან. დაგეგმილია იშხნის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორი თურქ სპეციალისტებთან შეხვედრა.
კოლეგები პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო ტექნიკურ-კონსტრუქციულ ვარიანტებს განიხილავენ.