რა ხდება სარფის საბაჟოზე

რა ხდება სარფის საბაჟოზე

აჭარაში დასასვენებლად ჩასული უცხოელი თუ ქართველი ტურისტი საშოპინგოდ თურქეთშიც გადადის. მგზავრობა ბათუმიდან სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე მიკროავტობუსით 1 ლარი ღირს, მუნიციპალური ავტობუსით კი 40 თეთრი. თურქეთის საბაჟოზე საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, უკვე წარმოშობით ლაზ მძღოლებს მგზავრები 1, 50 ლარად გადაჰყავთ "სტამბულბაზარში" და "ქემალ ფაშას" მაღაზიებამდე. თბილისისა და ბათუმის ფასებთან შედარებით, აქ პროდუქცია იაფი ღირს და ვაჭრობა ლარითაც შესაძლებელია. დაბალ ფასებში შეძენილი პროდუქციით მოგვრილი სიხარული უკან მობრუნებულებს ნერვების ფასად უჯდებათ, ვინაიდან როგორც თურქულ, ასევე საქართველოს საბაჟო-საკონტროლო გამშვებ პუნქტებში დგომა დიდხანს უწევთ.

ზოგიერთი ურიგოდ გასვლასაც ცდილობს და ამ შემთხვევაში უკვე საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მიდის. ჩხუბს და აყალ-მაყალს არც ქალები ერიდებიან. საქართველოს საბაჟო-საპასპორტო გამშვებ პუნქტში 12 გასასვლელია, თუმცა ძირითადად, 6 გამშვები პუნქტი მუშაობს, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რიგები იზრდება.

აღნიშნული ფოტოკადრები ფარულადაა გადაღებული, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.