ბოლნისის გამგეობის შენობასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა

ბოლნისის გამგეობის შენობასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. შენობიდან საკრებულოს 13 დეპუტატი პატრულის დახმარებით გამოიყვანეს. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ და ელოდებოდნენ, სანამ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნუგზარ ერაძის მხარდამჭერები გამგეობის შენობას არ დატოვებდნენ. 

საკრებულოს დეპუტატების გამოყვანა შენობიდან მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა გამგეობის შენობასთან კორდონი გააკეთეს, დეპუტატები კი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანებით გაიყვანეს.

პოლიციის დაცვის თანხლებით დეპუტატების გამოყვანას ინციდენტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებსა და დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის ბოლნისის პოლიციის ქვეგანყოფილებაში არიან გადაყვანილი.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერებმა ბოლნისის გამგეობის შენობიდან ბოლნისის პოლიციის შენობის წინ გადაინაცვლეს და აქციის დროს დაკავებული ორი პირის გათავისუფლებას ითხოვენ.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 15.00 საათიდან იმყოფებოდნენ. საკრებულოს ცამეტმა დეპუტატმა დღეს მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ერაძის გადაყენების საკითხს. მისი მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდნენ. ისინი ასევე კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ საკრებულოს სხდომაზე შეეშვათ. ერაძის მხარდამჭერები ცდილობდნენ გამგეობის შენობაში კარი შეემტვრიათ და სხდომაზე ისე შესულიყვნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.