მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

"ქართველ მუსლიმთა კავშირი" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს. ტარიელ ნაკაიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა.

"უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის 26 აგვისტოს განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად. საქართველოს მუსლიმი მრევლი გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და მოვითხოვთ, მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დაუყოვნებლივ დადგენას. ასევე, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი იღონოს ბოლო პერიოდში მუსლიმების მიმართ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი უხეში და პროვოკაციული ფორმით დემონტაჟი", - აღნიშნულია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" განცხადებაში.

ტარიელ ნაკაიძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგეს ჭელის მეჩეთის მინარეთი.