"ნაციონალური მოძრაობა" სოფელ ჭელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შემთხვევები გახშირდა, თუმცა, სახელმწიფომ ამ პროცესში მასზე დაკისრებული ფუნქციები არ შეასრულა.

"სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო არ უშვებდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ან დაპირისპირებას, ადგილი არ ჰქონია არც ერთ რაიმე სახის მნიშვნელოვან ინციდენტს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს უკიდურესი სიფრთხილე, არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია და დაიცვას მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კასკადის გაგრძელება პირდაპირ ემუქრება ქვეყნის შიდა სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს აძლევს ხელს", - აღნიშნულია განცხადებაში.