გიორგი მარგველაშვილი იმერეთში შეხვედრების პირველ დღეს აფასებს

გიორგი მარგველაშვილი იმერეთში შეხვედრების პირველ დღეს აფასებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმერეთში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების, ასევე სოფელ ორპირის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ წარუდგინა.

ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ასევე დეპუტატი მანანა კობახიძე ესწრებოდნენ. ვიცე-პრემიერმა და დეპუტატებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ გიორგი მარგველაშვილი კოალიციის საერთო კანდიდატია და ქვეყნის განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო გარანტს წარმოადგენს.

გიორგი მარგველაშვილმა დღის ბოლოს იმერეთში გამართული შეხვედრები შეაფასა:

„აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში 27 ოქტომრის მერე, რათა სახელმწიფომ განაგრძოს განვითარება. ხალხმა იცის, თუ როგორ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება მათ დახმარებას და რა დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს კოჰაბიტაციის პირობებში. ჩვენ ხალხთან ერთად ვგეგმავთ საქართველოს მომავალი განვითარების პროცესს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღის ბოლოს ჟურნალისტებთან კომენტარში.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგებიც შეაფასა:

„კვლევის შედეგად მიღებული 53%, ახლად დაწყებული საარჩევნო კამპანიის პირობებში მიღებული რეიტინგია. ბუნებრივია ჩვენთვის ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლებით ვაპირებთ გასვლას 27 ოქტომბრის არჩევნებში,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს იმერეთში განაგრძობს. ხვალ, 27 აგვისტოს გიორგი მარგველაშვილი ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდება და საპრეზიდენტო პროგრამას გააცნობს.