სალომე ზურაბიშვილს ცსკ-ში განაცხადის შეტანამდე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს

სალომე ზურაბიშვილს ცსკ-ში განაცხადის შეტანამდე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს

"საქართველოს გზის" საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანამდე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი პრემიერისადმი გაგზავნილ მიმართვაში წერს.

"წინამორბედ ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებაში ყველაფერი დასავლურის, დემოკრატიულის დისკრედიტციაში, რაც ერთპარტიული სისტემით კიდევ უფრო გამყარდა. სამწუხროდ, დღეს ხელისუფლების უმოქმედობა, შენელებული და ხშირად საზოგადოებისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებები, მარგინალური და განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე ძალების სასარგებლოდ მოქმედებს და სინამდვილეში, არჩევანის გარეშე ტოვებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს, ხმა მისცეს საქარველოს დემოკრატიულ, არაერთპარტიულ მომავალს, არ სურს დაბრუნება არც ნაციონალურ ავტორიტარიზმში და არც საბჭოთა წარსულში.

თქვენთვის ცნობილია, რომ ყოფილი ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ა.წ .უკვე ყოფილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩემი კანდიდატურის მიმართ არსებობს გარკვეული "სამართლებრივი სირთულეები", რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება და საერთაშორისო წრეების პოლიტიკური დაინტერესება მოჰყვა. ჩემს წარმომადგენელთან, თეიმურაზ მურვანიძესთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად გამოხატა დიდი სურვილი და ნება, რომ მომიზეზებული სამართლებრივი შეუთანხმებლობა არ გამხდრიყო ხელოვნური პოლიტიკური დაბრკოლება. თქვენს საჯარო განცხადებებში იგივე დამოკიდებულება იქნა გამოხატული.

სურვილი და განცხადება "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების" შესახებ არ არის საკმარისი. ეს არის ის, რასაც ოპოზიციიდან ვებრძოდით, როდესაც წინა ხელისუფლება სწორედ დეკლარირებული დემოკრატიულობით, ფასადური დასავლურობით და სინამდვილეში პოლიტიკური ოპონენტებისთვის უფლებების შელახვით, ბიზნესისა და მედიის შევიწროვებით ახდენდა დემოკრატიის დისკრედიტაციას.

დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არ მინდა, დავიჯერო, რომ ზემოთ აღნიშნული არადემოკრატიული განწყობილებების გაძლიერება, საზოგადოების დასავლური ალტერნატივის გარეშე დატოვება შედი ხელისუფლების ინტერესებში.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენს მიმართ და მინდა, სანამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიტანდე განაცხადს, შეგხვდეთ და პირადად ჩაგაყენოთ საქმის კურში, რომ არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება ჩემი კანდიდატურის რეგისტრაციისთვის არ არსებობს, რადგან ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაზე უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხელისუფლებას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდა სახელმწიფოს სათავეში და რომელსაც ასე უპირებოდ ვუჭერდი მხარს", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.