ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ბოლნისის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე ფარული კენჭისყრით მიიღეს. 

თუმცა დეპუტატები ამ დრომდე ბოლნისის გამგეობის შენობის სხდომათა დარბაზიდან ვერ გამოდიან, რადგან გამგეობის შენობაში იმყოფებიან მალხაზ ერაძის მხარდამჭერები. დეპუტატები აცხადებენ, რომ დარბაზს დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით ვერ ტოვებენ. გამგეობაში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მალხაზ ერაძის თანამდებობიდან გადაყენებას დღეს რიგგარეშე სხდომაზე ცამეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მიზეზად ერაძის არასათანადო მუშაობა დასახელდა. დეპუტატები აცხადებენ, რომ მალხაზ ერაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. სწორედ ეს გახდა მისი იმპიჩმენტის მიზეზიც. სხდომა, რომელიც დახურული იყო, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სხდომის დასაწყისში ადგილი ჰქონდა ინციდენტს. სხდომაზე დასწრების მსურველები შეეცადნენ დარბაზის კარი შეემტვრიათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.