გლდანის #8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავენ

გლდანის #8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავენ

გლდანის #8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"ბატონო უჩა, მოგმართავთ ღია წერილით გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, ვინაიდან ამ დღეებში ტელევიზიით მოვისმინეთ პარლამენტის წევრის, ბატონ აკაკი მინაშვილის განცხადებები, თითქოსდა ციხეებში არის გაუსაძლისი მდგომარეობა და პატიმრებზე ზეწოლა და ასევე ე.წ. "ოფშიაკების" აგროვება და რიგი პატიმრების დაჩაგვრა.

ჩვენ სახალხოდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გლდანის #8-ე დაწესებულებაში არანაირი ციხის მაყურებელი არ არსებობს, მით უმეტეს პატიმრების დაჩაგვრა სხვა რომელიმე პატიმრისგან, ასევე "ობშიაკის" შეგროვებაზეც ზედმეტია ლაპარაკი. ასევე, სასადილოსა და სამრეცხაოების "მაყურებლებზე", ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი.

ბატონო უჩა, ჩვენ, პატიმრები მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი ღია წერილი გადაუგზავნოთ ყველა ბეჭდვით მედიასაშუალებას და ტელევიზიებს.

ბატონო უჩა, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, ვალდებული ბრძანდებით, ჩვენი უფლებები დაიცვათ და ასევე ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი იმ საბოტაჟს, რომელსაც ავრცელებენ რიგი ადამიანები და ჩვენი თითოეული პატიმრის მშობლებს და ახლობლებს გულს უხეთქავენ და ანერვიულებენ ცრუ ინფორმაციებით.

ბატონო უჩა, აქვე გვინდა დავამატოთ, რომ გლდანის #8-ე დაწესებულებაში არ ირღვევა ჩვენი, როგორც პატიმრების უფლებები, არ არის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სუფევს სრული სიმშვიდე, რაზედაც უღრმეს მადლობას ვუხდით გლდანის #8-ე დაწესებულების დირექტორს, ბატონ ნოდარ ქინქლაძეს და მის ყველა მოადგილეს.

ბატონო უჩა, ჩვენ ამ წერილს ვაგზავნით ორ ეგზემპლარად, ერთს ვაგზავნით ციხიდან და მეორეს ჩვენი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ხელით, ვინაიდან დროულად მოვიდეს თქვენამდე.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით სახალხო დამცველს და საქართველოში ყველა ბეჭდვით მედიას და ტელევიზიებს, ვისაც პატიმრების ბედი აღელვებს, რომ ჩვენი ღია წერილი იყოს დაბეჭდილი და ტელევიზიებით გადაცემული. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რაზეც წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას გლდანის #8-ე დაწესებულების სამეურნეო ნაწილის პატიმრები და ვადასტურებთ ჩვენი ხელის მოწერით", – აღნიშნულია წერილში.