თბილისის საკრებულო მერიის საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას ითხოვს

თბილისის საკრებულო მერიის საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას ითხოვს

თბილისის საკრებულო მერიას საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების დადგენილებით მიმართავს, - აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 29 ხმით ცხრის წინააღმდეგ მიიღეს. საკითხი განსახილველად იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძემ წარადგინა. მისივე თქმით, სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების გადაწყვეტილება თბილისის მერმა უნდა მიიღოს. 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ახვლედიანი სხდომაზე იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. მისი აზრით, მას საკრებულოს წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ, რადგან მხოლოდ თბილისის მერს აქვს უფლება, შექმნას შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოები. მისივე განმარტებით, საკრებულოს მიერ ასეთი დოკუმენტის მიღება იურიდიულად გამართლებული არ არის.

"ქვეყანაში არის პრაქტიკა, რომ ყველა დიდ შპს-ს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭოები. მსგავსი რამ არსებობს რკინიგზაში და სხვაგან. მაშინ გაუქმდეს აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოები სხვა ორგანიზაციებში და ამის შემდეგ შესაძლებელია ამ საკითხზე თბილისის საკრებულომაც იმსჯელოს", - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.

ახვლედიანის ამ განცხადებას სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, შპს "ჰერმესსა" და "სინათლის ქალაქში" შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოები ძალიან განსხვავდებიან იმ სამეთვალყურეო საბჭოებისგან, რომლებსაც ბიუჯეტი არ აფინანსებს.

ამ საკითხს სხდომაზე ზაზა გაბუნია, კახა კუკავა და მამუკა კაციტაძეც გამოეხმაურნენ. ზაზა გაბუნიას განმარტებით, საკრებულომ მერიას დადგენილებით უნდა მიმართოს, რათა მერიამ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაიტანოს და იმსჯელოს. მამუკა კაციტაძის თქმით კი, დოტაციურ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოები არ უნდა იქმნებოდეს. მისი განცხადებით, იქ დასაქმებული პირების ხელფასი 2 500-დან 3 000 ლარამდეა, შესაბამისად, ამ პირთა ბიუჯეტიდან დაფინანსება და ამხელა თანხების გამოყოფა გამართლებული არ არის. მამუკა კაციტაძემ ასევე აღნიშნა, რომ არა მარტო 4 შპს-ში უნდა გაუქმდეს მერიის მიერ შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოები, არამედ საერთოდ შპს-ებში უნდა აიკრძალოს სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ორგანიზაციებში გაჩნდება ახალი სამეთვალყურეო საბჭოები.

ამასთან, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შპს-ებში "სინათლის ქალაქი", "ჰერმესი", დასუფთავების სამსახურში და სატრანსპორტო კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. ცნობილია, რომ სამეთვალყურეო საბჭოების წევრები "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული პირები იყვნენ.