ნინო ბურჯანაძემ ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ნინო ბურჯანაძემ ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ზესტაფონში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნინო ბურჯანაძე ზესტაფონის ახალ ბაზარს ეწვია და იქ დასაქმებულებს გაესაუბრა. საუბარი აგვისტოს ომს, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყების საკითხებს შეეხო.

"დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. იმ პერიოდში ამერიკაში გავემგზავრე ოფიციალური მიწვევით და დილით როდესაც პირველი ინფორმაცია მოვისმინე საქართველოსთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და ოსეთის აღიარება მოხდა რუსეთის მხრიდან, უმძიმესი იყო. იმიტომ, რომ კარგად გავაანალიზე რა უბედურებაში ჩაგვაგდო სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით და იმით, რაც აგვისტოს ომის დროს მოხდა. ეს ძალიან მძიმეა შედეგების თვალსაზრისითაც. ძალიან რთული გამოსასწორებელია, მაგრამ, მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემის მოგავრების გზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს გზა გადის აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის გზაზე", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

"ვხსნით საარჩევნო შტაბს. თქვენ ხედავთ, რომ შტაბის გახსნაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელსაც აიმედებს ჩვენი კამპანია, რომლებსაც ეიმედებათ, რომ დამიჭერენ მხარს და სამართლიანობა აღდგება საქართველოში. ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებულები, უკიდურესად იმედგაცრუებულები, უკიდურესად აღშფოთებულნი კოჰაბიტაციით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მოსახლეობამ აღნიშნა, ისინი ხელისუფლების ცვლილებას და "ქართული ოცნების" პირობების შესრულებას ვერ გრძნობენ. მათივე თქმით, ისინი გამგებლის მუშაობითაც უკმაყოფილო არიან.

ზესტაფონში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ ნოდარ ცხვედაძის საფლავი გვირგვინით შეამკო.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დღესვე სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა და მოსახლეობისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ზესტაფონის რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე დღეს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩას მოსახლეობას შეხვდება.