ბოლნისის საკრებულოს შენობაში ინციდენტი მოხდა

ბოლნისის საკრებულოს შენობაში ინციდენტი მოხდა

ბოლნისის საკრებულოს შენობაში ინციდენტი მოხდა. ამ წუთებში, დახურულ კარს მიღმა ბოლნისის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. 

წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ერაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაეყენებინათ.

ბოლნისის გამგეობის შენობაში მალხაზ ერაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მომხრეები სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, მათ ამ მიზნით კარების შემტვრევაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება გამგეობის შენობაში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ინციდენტის დროს სამართალდამცავებსა და მალხაზ ერაძის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა მოხდა. მალხაზ ერაძის მომხრეები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ისინი სხდომაზე შეუშვან.

სხდომაზე დასწრების საშუალება არც მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მხოლოდ დეპუტატები იმყოფებიან. თავად ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად გამგეობის შენობის დიდ დარბაზში იმყოფება.