ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 35 პროცენტს მოსწონს, 17-ს კი - ძალიან მოსწონს

ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 35 პროცენტს მოსწონს, 17-ს კი - ძალიან მოსწონს

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს. კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობით , 17%-ის პასუხია – ძალიან მომწონს ,31%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, 9% აცხადებს, რომ პრემიერის საქმიანობა არ მოსწონს, 4%-ს კი ძალიან არ მოსწონს. კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 5%-ს. 

რესპონდენტებს ხელისუფლების 3 დიდი მიღწევისა და 3 შეცდომის დასახელებაც სთხოვეს.

გამოკითხულთა 13,6% ხელისუფლების მთავარ მიღწევად არაფერს მიიჩნევს, 9,1% - სოფლის მეურნეობის რეფორმას, ხოლო 6,4% - დაზღვევას.

რაც შეეხება შეცდომებს, რესპონდენტთა 12,6%-ის აზრით, ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია, 8,9% - ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად ტყუილ დაპირებებს მიიჩნევს, 8,7% კი – ამნისტიას.

კვლევა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 11 რეგიონის, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. სულ გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილებით პლუს-მინუს 2,3 %-ის ფარგლებში.

კვლევა საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა.