,,მხედრიონის პასუხი კაპიტულანტი ,,მთავარსარდლის” უზნეო გადაწყვეტილებას”

,,მხედრიონის პასუხი კაპიტულანტი ,,მთავარსარდლის” უზნეო გადაწყვეტილებას”

ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა ვეტერენთა საქმეების დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი გაგრის დაცვისას უგზო-უკვლოდ დაკარგული 36 მეომრის დაჯილდოვებაზე, იმ მოტივით, რომ სიაში ორი მხედრიონელი იყო: კონსტანტინე ლაფერაშვილი და გიორგი ზამთარაძე

ჩვენ, მხედრიონელებს არ გვიკვირს ასეთი საქციელი სახელმწიფოს მხრიდან და მითუმეტეს, ისეთი კაცისგან რომელიც აფხაზეთის ომის დროს, როდესაც მისი ტოლი და მასზე უმცროსი პირტიტველა ბიჭები სამშობლოს ერთიანობას ეწირებოდნენ, მას, სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწილს, სურვილიც არ გასჩენია მცირედი წვლილი მაინც შეეტანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობი¬სათვის ბრძოლაში.

ჩვენ არავის ვამადლით ჩვენი და ჩვენი მეგობრების სისხლს, უბრალოდ, შეგახსენებთ მხდალო და დეზერტირო პრეზიდენტო, იმას, რომ სწორედ მხედრიონი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც სამშობლოსათვის 13-თვიან აფხაზეთის ომში, 800-მდე მებრძოლი დაკარგა, გადარჩენილების უმრავლესობა კი დაინვალიდებული, ფსიქოლოგიურად და მორალურად განადგურებულები დაუბრუნდა თავის ოჯახებს.

არც ჩვენი ბრძოლებით გვიტრაბახია და არც გაჭირვებაზე გვიწუწუნია, არც იმაზე ამოგვიღია ხმა როდესაც განტევების ვაცად გვაქციეს, მაგრამ როდესაც ნაძირალა დეზერტირები ჩვენი თანამებრძოლების ხსოვნას შეურაცხყოფენ, ამას ვერ წავუყრუებთ და ვერ გავჩუმდებით.

დეზერტირმა სააკაშვილმა 13 თვე კი არა, 13 დღეც ვერ შეძლო მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დიდი პომპეზურობით დაანონსებული ცხინვალის აღება და როკის გვირაბის მიმართულებით „ძლევამოსილი სვლა“ ზუსტად 2 დღეში სამარცხვინო კაპიტულაციით დაასრულა.

როცა პრეზი¬დენტად წოდებული მშიშარა დეზერტირი, თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე ფორთხავს, როგორ უნდა ბედავდეს სამშობლოსათვის მებრძოლების და მით უმეტეს, მისთვის სიცოცხლეშეწირული ახალგაზრდების სახელისა და ხსოვნის შეურაცხყოფას?!

ჩვენ ვეკითხებით შიშისგან მიწაზე მფორთხავ სააკაშვილს:

როგორ მოახერხე ჩვენი და ჩვენი მეგობრების სისხლით შენარჩუნებული ტერიტორიების (კოდორის ხეობა, ახალგორი და მიმდებარე სოფლები) 2 დღეში უბრძოლველად დათმობა რუსეთისათვის?

როგორ მოახერხე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, თუნდაც, ერთი სახელმწიფოს მიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური ფონის შექმნა?

ამ და სხვა მრავალ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევს შენ, მშიშარა და დეზერტირო მთავარსარდალო.