მაია ფანჯიკიძე:  სერგეი ლავროვმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება არასწორად გაიგო

მაია ფანჯიკიძე: სერგეი ლავროვმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება არასწორად გაიგო

როგორც ჩანს, სერგეი ლავროვმა არასწორად გაიგო პრემიერ-მინისტრის განცხადება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მიესალმება საქართველოს პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არ არის საუბარი იმ კონტექსტზე, რომელსაც სერგეი ლავროვი გულისხმობს, რადგან იქ არის საუბარი ნდობის აღდგენაზე ქართველებსა და აფხაზებს, ასევე ქართველებსა და ოსებს შორის.

"როგორც ჩანს, სერგეი ლავროვს არასწორედ გაუგია პრემიერ-მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ ჩვენ შეცდომები და ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკური წარმატებისა და ქვეყნის განვითარების პარალელურად ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთად ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისი განმარტებით, სწორედ ამაზე იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში და არა იმაზე, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან დაამყარებს პირდაპირ დიალოგს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ მხარეს დიალოგი გარკვეულ დონეზე უკვე დაწყებული აქვს და ამ დიალოგის გაგრძელება და გაღრმავებაა ქართული მხარის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და სწორედ ეს არის შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლისთვისაც საქართველო მზად არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის" მზადყოფნა 8 აგვისტოს გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ენის გამონახვა და დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანმიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვან აღდგენას, მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც, უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებულები ვართ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებს და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს, რომ მათი სამშობლო საქართველოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.