საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტს პროვოკაციას უწოდებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტის ბიჭვინთაში ვიზიტი განსაკუთრებით დღეს, კიდევ ერთი პროვოკაციაა. 

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მხარემ შესაბამისი საპროტესტო ნოტა შვეიცარიის გავლით უკვე გუგზავნა რუსეთის ფედერაციას.

"რასაკვირველია ეს არის ჩვენს მიერ დაგმობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფა ასეთი გზით", - აღნიშნა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა აფხაზეთის საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში გამართა.

"საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს", - აცხდებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის აპარატი.