ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება საქართველოს უკვე შესრულებული აქვს და ახლა ჯერი რუსეთზეა

ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება საქართველოს უკვე შესრულებული აქვს და ახლა ჯერი რუსეთზეა

ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება საქართველოს უკვე აღებული აქვს და შესრულებული, ახლა კი ჯერი რუსეთზეა , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, სერგეი ლავროვის განცხადებაში აღსანიშნავია ერთი შენიშვნა, როდესაც იგი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემადგენელი ნაწილი და ეს შეთანხმება შედგა საქართეელოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სწორედ ამ შეთანხმების შესასრულებლად არის შექმნილი ჟენევის ფორმატი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევის ფორმატში ქართული მხარე ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ აიღოს რუსეთმაც და ამაზე მიდის საუბარი და მუშაობა.

"საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს მოხდა პირველად 2010 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ამის შესახებ, ხოლო 2013 წელს ახალმა ხელისუფლებამ ეს განცხადება გაიმეორა. შესაბამისად, ცალმხრივად საქართველოს მხრიდან უკვე არის შესრულებული, ახლა კი ჯერი რუსეთზეა, რომელიც ამ ვალდებულებას - ძალის გამოუყენებლობის შესახებ არ ასრულებს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე განცხადებით, ამიტომ, თუკი რუსეთი ფიქრობს, რომ ეს არის აუცილებელი და ამავდროულად ამ ვალდებულებას აიღებს თავის თავზე, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება.

რუსეთი იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართლებით სწრაფი სვლა არ შეინიშნება, თუმცა ძირითად საკითხებზე მხარეების თანხმობა არსებობს.

"ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდებით მოლაპარაკების და ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობაზე. არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც პატიოსნად განხილვა და არსებული რეალობის გათვალისწინება სჭირდება. რეალობა კი ასეთია – უპირველეს ყოვლისა, უნდ ამოილაპარაკონ აფხაზეთმა და საქართველიმ, სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ", - განაცხადა ლავროვმა.