კახა კოჟორიძე შსს-ს მოუწოდებს, რეიდების ჩატარების მიზეზი განმარტოს

კახა კოჟორიძე შსს-ს მოუწოდებს, რეიდების ჩატარების მიზეზი განმარტოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შინაგან საქემთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტოს თბილისის ქუჩებში ჩატარების მიზეზი რეიდების. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა კოჟორიძემ განუცხადა, არსებობს პოლიციის შესახებ კანონი, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული შემთხვევები, თუ როდის შეუძლია პოლიციას რეიდის ჩატარება.

"პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, დასახლებულ პუნქტებში და საავტომობილო გზებზე შეიძლება მოეწყოს რეიდები. ეს პირდაპირ წერია, რომ რეიდის მოწყობის შესაძლებლობა არსებობს. დამნაშავე არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულს ჩამდენი, სამართალდამრღვევშიი იგულისხმება პირი, ვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში შეიძლება რეიდების მოწყობა," – აცხადებს კოჟორიძე.

მისივე თქმით, პოლიციის შესახებ კანონში ასევე მითითებულია, რომ რეიდების ჩატარებას უნდა ახლდეს პოლიციის მხრიდან გონივრული ეჭვი.

"კანონში მითითებულია, რომ ამ ყველაფერს უნდა ახლდეს პოლიციელის მხრიდან გონივრული ეჭვი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, როდესაც ეწყობა რეიდი, თუ პირის შეჩერება. რა არის ეს გონივრული ეჭვი, პოლიციის შესახებ კანონში განმარტებული არ არის, თუმცა ეს განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. გონივრული ეჭვი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს, ანუ რაღაც გარემოებები უნდა არსებობდეს, რომელიც იცის პოლიციამ და, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პირმა ჩაიდინა ან უნდა ჩაიდინოს დანაშაული, " – განმართავს საია-ს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციას ჰქონდა თუ არა ასეთი გონივრული ეჭვი, უცნობია.

"პოლიციას არ განუმარტავს ამის შესახებ. საინტერესო იქნება ამის განმარტება. რადგან ამას ერთჯერადი ხასითი არ ჰქონდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რეიდების შესახებ. კარგი იქნება, თუ პოლიცია განმარტავს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო რეიდის ჩატარების საფუძველი, რა გონივრული ეჭვი ჰქონდა პოლიციას. ასევე კარგი იქნება, თუ მოხდება ამის განმარტება შსს სამინისტროს მხრიდან," – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.