ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შევიდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ცესკო-ში დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა შეიტანეს.
როგორც ბურჯანაძის თანაპარტიელმა, გია კობახიძემ განაცხადა, ნინო ბურჯანაძე ყველაზე ძლიერი, ღირსეული და რეიტინგული კანდიდატია.
"ჩვენ წარვადგინეთ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" განცხადება. ჩვენი კანდიდატია პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები მოგვცემს იმ შედეგს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება ბურჯანაძე", - აღნიშნა გია კობახიძემ.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძე ძირეულ ცვლილებებს შეიტანს ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით.
ნინო ბურჯანაძე 36-ე პოლიტიკოსია, რომლის განცხადებაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში შევიდა. ამ დრომდე რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ ორმა კანდიდატმა, ესენი არიან შალვა ნათელაშვილი და გელა (მიხეილ) სალუაშვილი.