თბილისის საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია იმუშავებს

თბილისის საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია იმუშავებს

1 სექტემბრიდან მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თბილისის მერიის ნაცვლად, თბილისის საკრებულოში იმუშავებს. 

მერიის ინფორმაციით, შეიცვლება კომისიის შემადგენლობა და მას უმრავლესობიდან დანიშნული საკრებულოს წევრი უხელმძღვანელებს.

მათივე ინფორმაციით, 2007 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა მრავალი წლის განმავლობაში პირების ფაქტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებად იურიდიულად გაფორმებულიყო. ამით მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ეს ქონება სრულად გამოეყენებინათ ეკონომიკური საქმიანობისთვის, რაც საჯარო რეესტრში გაუფორმებლობის გამო მანამდე შეუძლებელი იყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე ეს კომისია ფუნქციონირებდა თბილისის მერიაში. 2007-2013 წლებში კომისიის მიერ დაკმაყოფილდა 8 000-მდე განცხადება, დაკანონდა თითქმის 5 მილიონი კვ.მ მიწის ნაკვეთი.

"საქმიანობის მანძილზე, კომისია მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაიოლების მიზნით არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იყო, მათ შორის 2010 წელს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გათავისუფლდნენ შესაბამისი საფასურის გახადის ვალდებულებისგან, რითაც ამ პერიოდში უკვე ისარგებლა 716 მოქალაქემ, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში მიწის ნაკვეთები. მუდმივად უმჯობესდებოდა მოქალაქეთა მომსახურების ხარისხიც. მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეეძლოთ ესარგებლათ კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა, მაგ.: 2008-2009 წლებში დადებითად წყდებოდა განცხადებების 40 %-ზე ნაკლები, ხოლო 2013 წელს - დაკმაყოფილდა განცხადებების 60%-ზე მეტი", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.