გია ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

გია ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ამის შესახებ "პირWელს" ნაცვლიშვილის ადვოკატმა მამუკა ჯანაშვილმა განუცხადა.

"რამდენადაც მახსოვს, პროკურატურა 60 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს. რაც შეეხება ზაზა კაპანაძეს, როგორც ვიცი, მისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვენ", - განაცხადა ჯანაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ნაცვლიშვილისა და კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 12:00 საათზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ გია ნაცვლიშვილი და შპს "არტესისა" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP"-ის დამფუძნებელი ზაზა პასუხისგებაში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "არტესმა" სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" დაკვეთით ქ. თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები. რა დროსაც შპს "არტესის" დამფუძნებელმა ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" იმჟამინდელ ხელძღვანელ სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს, რითაც ისინი თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილ 4 052 108 ლარს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზაზა კაპანაძეს, ის საქართველოში არ იმყოფება და შესაძლოა, მასზე ძებნა გამოცხადდეს.