სერგეი ლავროვი - რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას პირდაპირი დიალოგის შესახებ

სერგეი ლავროვი - რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას პირდაპირი დიალოგის შესახებ

რუსეთი მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვი აღნიშნულ განცხადებას ურთიერთობების დალაგების მცდელობად აფასებს.

"რუსეთი ამას მიესალმება. გვჯერა, რომ თუ უბრალო ადამიანებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და საკუთარი ინტერესების რეალიზებაში დავეხმარებით, გეოპოლიტიკური დაბრკოლებების გვერდზე გადადება შესაძლებელია", - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, თბილისის მცდელობა, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებობის შესახებ, შეუსრულებადია.

"უნდა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან და ვიფიქროთ ხალხზე და არა ვიღაცის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე. მითუმეტეს მაშინ, თუ ისინი აბსოლუტურად არარეალიზებადია", - განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის" მზადყოფნა 8 აგვისტოს გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთო ენის გამონახვა და დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანმიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვან აღდგენას, მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც, უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვართ, გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისთვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებს და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს, რომ მათი სამშობლო საქართველოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.