ბათუმში „ინშაათის“ 40 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დასრულდება

ბათუმში „ინშაათის“ 40 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დასრულდება

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრს, შპს System Inshaat-ს ბათუმის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაუმტკიცა. სამინისტროს ცნობით, კომპანიამ სამუშაოების პირველი ეტაპის ვალდებულება უკვე შეასრულა. საინვესტიციო პროექტით, 2382 კვ.მეტრის ტერიტორიაზე, 40-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება. 67855 კვ.მეტრის შენობა-ნაგებობის 20% სასტუმრო იქნება.

„მრავალფუნქციური კომპლექსი, ბათუმის ცენტრში, Trump tower-სა და Radisson Blue Hotel-ს შორის აშენდება და ამ პროექტში კომპანია, მთლიანად, 60 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას განახორციელებს.

კომპლექსის არქიტექტურასა და დიზაინს საერთაშორისო კომპანია Broadway Malyan განახორციელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს System Construction-ი შეასრულებს,"- აცხადებს პროექტის მენეჯერი ალი კაია.

სახელშეკრულებო პირობების თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის 15 იანვარს უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა, System Inshaat-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ბათუმის ცენტრში 3 997კვ.მ მიწის ფართობი შეიძინა.