The FINANCIAL:

The FINANCIAL: "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთიდან საქართველოში 8 მილიარდის ინვესტიცია შემოვა

გიორგი პერტაია: საქართველოში საელჩოს გახსნა და თავისუფალი სავიზო რეჟიმი რუსული ინვესტიციების სტიმულაციას შეუწყობს ხელს

 

The FINANCIAL–ის მასალები

საქართველოს სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული პირის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოში 8 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში აღნიშნული თანხის შესახებ არაფერი იციან.

იაპონია, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი საქართველოში ძირითად ინვესტორებად რჩებიან, რუსეთი კი ამ სიის ბოლოშია.

2013 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ რუსეთისგან რეკორდულად დაბალი ინვესტიცია მიიღო - $ 597,600. გასულ წელს ეს რიცხვი $ 4,990,700 იყო, ხოლო 2011 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსულმა ინვესტიციამ $ 5,584,000 შეადგინა.

"რუსული ინვესტიცია აუცილებელია, – ამბობს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, – 9 წლის განმავლობაში რუსეთს ვეუბნებოდით, რომ ისინი არ იყვნენ საქართველოს სასურველი პარტნიორები. რუსმა ინვესტორებმა იცოდნენ, რომ თუ საქართველოში პრობლემა შეექმნებოდათ, ადგილობრივი მთავრობა არ დაიცავდა მათ ინტერესებს. საქართველოში საელჩოს გახსნა და თავისუფალი სავიზო რეჟიმი რუსული ინვესტიციების სტიმულაციას შეუწყობს ხელს. ერთ დღეში ვერ წაშლი იმას, რაც რუსებს 9 წლის განმავლობაში ესმოდათ ჩვენგან," – ამბობს პერტაია.

მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ბიზნესიმპერია რუსეთში შექმნა, თუმცა, იმისთვის, რომ მთელი ყურადღება სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაზე გადაეტანა, რუსეთში საკუთარი აქტივები გაყიდა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მესამე დღეს ივანიშვილმა რუსეთს საქართველოში ინვესტირებისაკენ მოუწოდა.

ივანიშვილისვე თქმით, რუსი ბიზნესმენები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ. ბევრი კერძო კომპანიაა დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადებით. პრემიერ-მინისტრი რუსეთის მსხვილ ბიზნესებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებას ურჩევს.

"არ არსებობს ცუდი ინვესტორი, არსებობს ცუდი კონტრაქტი. ყველა ის რისკი, რისიც ჩვენ გვეშინია, შესაძლებელია კარგი კონტრაქტით დარეგულირდეს," – ამბობს გიორგი პერტაია.

პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალექსი ალექსიშვილი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის ინდივიდუალურ კანდიდატებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"სტაბილური საინვესტიციო გარემო თავის თავში გულისხმობს სტაბილურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ გარემოს, რაც ინვესტორებისთვის ძირითადი ფაქტორებია. თუ საქართველო ასეთ გარემოს ვერ შექმნის, ვერც ერთი კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს რუსული ან უცხოური ინვესტიციების მოზიდვას," – ამბობს ალექსიშვილი, რომელიც 2005-2007 ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2004-2005 წლებში ეკონომიკის მინისტრი იყო.

ალექსიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსი, არაბი, ებრაელი, ამერიკელი თუ ევროპელი ინვესტორების მოსაზიდად. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს განვითარებისთვის.