საქალაქო სასამართლოში ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 13.00 საათზე დაიწყება

საქალაქო სასამართლოში ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 13.00 საათზე დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 13.00 საათზე დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ განუცხადა, განსასჯელები სასამართლოში უკვე მიყვანილები არიან და პროცესი 13.00 საათზე დაიწყება. მანვე არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალდებულების დანიშნულ დროს ბადრაგირება ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო დაგვიანდა. გიორგაძის განმარტებით, დაწესებულებაში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ზოგიერთი პატიმარი დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს.

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10.00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არის პირველი სხდომა, რომელზეც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პირველი შესავალი სიტყვით ბრალდების მხარე გამოვა, რის შემდეგაც დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება და დაიკითხებიან დაზარალებული მხარის წარმომადგენლები.

"ჩვენი პოზიცია არის მტკიცებულებებით გამყარებული იმგვარად, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანონ", _ აღნიშნა ნინო აღლემაშვლმა. მისივე თქმით, ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის 7 პირია დაკავებული. მათგან დღევანდელ სხდომაზე განიხილება ბრალდებულების, ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას მიმართ.

"ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოიყო იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა, რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული.