ძლიერი წვიმის გამო, ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის ფინალური კონცერტი აღარ გაიმართა

ძლიერი წვიმის გამო, ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის ფინალური კონცერტი აღარ გაიმართა

ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო, მუსიკალური ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის მესამე დღე, ფინალური კონცერტი და დახურვის ცერემონიალი გუშინ აღარ გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ნიკა დვალიძემ განუცხადა, ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა სცენა და საფესტივალო ქალაქი, რის გამოც BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის დახურვის ცერემონიალი გუშინ აღარ გაიმართა.

ნიკა დვალიძის განცხადებით, ყველა მელომანს, რომელსაც კონცერტისთვის ბილეთები ჰქონდა შეძენილი, შეუნარჩუნდებათ და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი სექტემბრის თვეში გაიმართება.

რაც შეეხება თავად მუსიკალურ ფესტივალს, ის 22 აგვისტოს გაიხსნა. 2 დღის განმავლობაში მელომანების წინაშე ცნობილი უცხოელი მუსიკოსები და ქართველი არტისტები ელექტრონული მუსიკით წარსდგნენ.

ფესტივალის პარალელურად "მედია პალიტრამ" მელომანებს და ბათუმში მყოფ ტურისტებს ერთგვარი საჩუქარი მოუმზადა. კერძოდ, თეთრ კაბებში გამოწყობილმა პრომო გოგოებმა, დამსვენებლებსა და მელომანებს სამახსოვროდ სათვალეები გადასცეს, რომელზეც "მედია პალიტრის" ლოგოებია გამოსახული.