პრემიერის პრესსამსახური მე–9 არხის ტექნიკის GDS–ისთვის გადაცემას არ ადასტურებს

პრემიერის პრესსამსახური მე–9 არხის ტექნიკის GDS–ისთვის გადაცემას არ ადასტურებს

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს, რომ "frontnews"–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადაწყვეტილება მეცხრე არხთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

"არასწორი ინფორმაციაა, არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ეს ყველაფერი დაზუსტდება თვის ბოლოს"– განუცხადა "ნეტგაზეთს" მანანა თოქმაჯიშვილმა.

"frontnews"–მა დღეს, 24 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „მე–9 არხი აღარ გაიყიდება. მის ბაზაზე არსებულ ტექნიკურ აღჭურვილობა კი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანიას, „GDS”-ს გადაეცა, რომელიც სექტემბრიდან განახლებული ფორმატით გავა ეთერში.

"ნეტგაზეთი" დაუკავშირდა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორს, ლუბა ელიაშვილს. მისი თქმით, ინფორმაცია მე–9 არხის გაყიდვის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურმა საქმინობა 19 აგვისტოს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან და მისმა ოჯახმა 1–ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მისივე თქმით, 10 თვის განმავლობაში არხის გაყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ 16 აგვისტოს, ბოლო პოტენციური მყიდველისგან უარი მიიღეს.

20 აგვისტოს კი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გვერდი შეიქმნა "ვყიდულობთ მე–9 არხს, ვქმნით სააქციო საზოგადოებას" და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვა გავრცელდა, მეცხრე არხის ყიდვის სურვილით.

აღნიშნულ ინიციატივას პრემიერ–მინისტრის აპარატიდან გამეხმაურნენ და მეცხრე არხის ყიდვის მსურველთა ჯგუფს მიმართეს, რომ პრემიერისთვის ოფიციალური განცხადებით მიემართათ. აღნიშნული მოთხოვნა ჯგუფმა დააკმაყოფილა.

22 აგვისტოს არხის ყიდვის სურვილი გამოთქვა "ომეგა ჯგუფმა“. ტელეკომპანია „იბერიის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ დაადასტურა, რომ „ომეგა ჯგუფს“ მეცხრე არხის აპარატურის შესყიდვა და კომპანიის თანამშრომლების დასაქმება სურს.

ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა. ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დღეს, 24 აგვისტოს, მეცხრე არხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც იგი მეცხრე არხის შეძენას აღარ აპირებს.

“მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია " იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითიეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს"–ნათქვამია განცხადებაში.