შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხების შესახებ განმარტებას აკეთებს

შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხების შესახებ განმარტებას აკეთებს

ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის დროებითი შეფერხება ერთი პირის დაკავებამ გამოიწვია, - ამი შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა წუხელ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რამაც, აღნიშნულ ავტომაგისტრალზე, მოძრაობის დროებითი შეფერხება გამოიწვია.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

როგორც ცნობილია, დღეს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შს სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო.

მისი თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო ეკიპაჟების წევრები ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ.

"ამას ღამის საათებში მოჰყვა ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით ყველასათვის უკვე კარგად დავიწყებული მასობრივი რეიდები პიკეტის მოწყობის ჩათვლით. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა და პოლიციის ოპერატიულმა მუშაკებმა მოულოდნელად, ყოველგვარი საფუძვლისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაიწყეს მოქალაქეთა მასობრივად გაჩერება და გულმოდგინედ ჩხრეკა", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ვითარება გაგრძელდა დილამდე, რამაც მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია.