გიორგი ტუღუში:  ე.წ. მაყურებლების თემის პოლიტიზება პრობლემას ვერ მოაგვარებს

გიორგი ტუღუში: ე.წ. მაყურებლების თემის პოლიტიზება პრობლემას ვერ მოაგვარებს

ე.წ. მაყურებლების თემის პოლიტიზება პრობლემას ვერ მოაგვარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, რომელმაც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ბრალდენულ გაგა მკურნალიძის და სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის განცხადებების გავრცელება შეაფასა. 

გიორგი ტუღუშის თქმით, ის, რომ სამინისტრომ მკურნალიძის წერილი გაავრცელა, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ე.წ. მაყურებლების პრობლემის მოგვარებას განსხვავებული მიდგომა სჭირდება და არა - თემის პილიტიზება.

"ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში, არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც პატიმრებმა ჩვენ მოგვწერეს და გვთხოვეს მათი განცხადებები გაგვეგზავნა სხვადასხვა მედიასაშუალებებში. თუ თავად სთხოვა პატიმარმა სამინისტროს, მიეწოდებინა წერილი მედიისთვის და სამინისტრომ ეს გააკეთა, აქ ძალიან დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, ზოგადად რამ გამოიწია მსგავსი წერილების გავრცელება მედიაში, თუ სოციალურ ქსელებში. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღეა მუსირებს თემა, რომელიც დაკავშირებულია სასჯელაღსრულების სისტემაში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერებაზე. რაც შეეხება ამ პრობლემას, მე, სამინისტროს ადგილზე პრობლემის მოგვარებით უფრო დავინტერესდებოდი, ვიდრე თემის პოლიტიზებით. ამ თემის პოლიტიზება და ურთიერთბრალდებები სიკეთეს არანაირად არ მოუტანს არც სისტემას, არც მსჯავრდებულებს და არც რომელიმე სხვა მხარეს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისივე თქმით, რეალურად უნდა ითქვას, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. "საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში თუნდაც ერთი წლის წინ, შორს არ წაგვიყვანს. რაც იქ ხდებოდა, ძალიან კარგად იყო ასახული 2009-2010 და 2011 წლების სახალხო დამცველის ანგარიშებში. რაც ახლა ხდება, საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, ფაქტია, რომ საზოგადოებას ეს პრობლემა აწუხებს. ინფორმაცია მოდის ძალიან ბევრი მხრიდან, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილია პრობლემური ვითარება. ამას მოწმობს ასევე პატიმარ კორტავას გარდაცვალების ფაქტიც. იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, ვის დროს რამდენი მაყურებელი იყო, არამედ, შესასწავლია რამდენიმე გარემოება: რეალურად თუ არსებობენ ეს პირები, რა უფლებამოსილებით არიან ისინი აღჭურვილი, ხდება თუ არა სისტემაში უკანონო ნივთების შედინება, როგორიც შეიძლება იყოს ნარკოტიკები, მობილური ტელეფონები, ცივი იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი და ასე შემდეგ. რამდენად არის ამ ე.წ. ავტორიტეტულ პატიმრებზე ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული სხვადასხვა მენეჯმენტის ფუნქციები. როგორც წესი, ეს დიდი პრობლემა არის ხოლმე ჩამორჩენილ ქვეყნებში, სადაც აქვთ პენიტენციალური სისტემის ძალიან ცუდი მართვის გამოცდილება და სწორედ ამ მეთოდებს მიმართავენ. სწორედ ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და არა იმას, ადრე რა ხდებოდა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მას ასევე აინტერესებს, რატომ არავინ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ახალი ხელისუფლების პირობებში პატიმართა გაუპატიურების და წამების გამო.

"ხშირად და დღესაც საუბარია იმაზე, რომ ასობით ადამიანი იქნა გაუპატიურებული და ნაწამები, მაინტერესებს, ახალი ხელისუფლების პერიოდში, რატომ არ მოხდა ამ ფაქტების გამოძიება და იმ პირთა დასჯა. თუ ეს პრობლემა რეალურად სისტემური იყო, მაშინ რატომ არავინ არის გაუპატიურებისთვის პასუხისგებაში მიცემული. დღემდე დაკავებულია ის 19 პირი, რომლებიც დააკავეს წინა ხელისუფლების პერიოდში და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე დატოვა დაწესებულება, ან სასჯელი შეუმსუბუქდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თემის პოლიტიზება არანაირად არ წაადგება საქმეს. აქ საჭიროა ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. წერილების გავრცელება სოციალურ ქსელში, არანაირ სერიოზულ დატვირთვას არ ატარებს. გასაგებია, რომ მერაბიშვილიც შეიძლება კმაყოფილი იყოს ციხის ადმინისტრაციით, როდესაც მას მიაწოდეს ტელევიზორი და მიაქციეს ყურადღება, როდესაც სამედიცინო საჭიროებები ჰქონდა. ასევე შეიძლება მკურნალიძესაც ჰქონდეს ამბიცია ქვეყანას ამცნოს, თუ რა მეთოდებით მუშაობდა იგი. ამ მეთოდების ნაწილი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ერთ-ერთ ფირზეც არის ასახული, რომელიც არჩევნებამდე გავრცელდა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.