"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას ტაჯიკი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპული სამსახური იუწყება. 

როგორც დაკავებულმა ჟურნალისტმა "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, 20 აგვისტოს ის თბილისის აეროპორტში დააკავეს, სადაც ჩეხეთიდან ჩავიდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ის ტაჯიკეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, სადაც მას ექსტრემიზმსა და ტერორიზმში ადანაშაულებენ.

დოდოჯონ ატუვულოევი ცნობილია ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონისა და მისი ოჯახის წევრების მწვავე კრიტიკით.

ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განცხადებით, ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის დაკავების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, გასულ თვეს ატუვულოევს უარი ეთქვა მოსკოვის აეროპორტში შესვლაზე, სადაც ის ასევე პრაღიდან ჩაფრინდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ტაჯიკი ჟურნალისტი მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც გასულ წელს თავდასხმას გადაურჩა. მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს მოსკოვის რესტორანში. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.